შინაარსზე გადასვლა

შოთა იამანიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შოთა იამანიძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
შოთა დავითის ძე იამანიძე
დაბადების
თარიღი
15 მარტი, 1937
დაბადების
ადგილი
თბილისი,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
გარდაცვალების
თარიღი
15 ოქტომბერი, 1971 (34 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
თბილისი,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
სიმაღლე 177 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1954–1967 დინამო თბ. 300 (65)
ეროვნული ნაკრები
1959 სსრ კავშირი 1 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

შოთა იამანიძე (დ. 15 მარტი, 1937, თბილისი — გ. 15 ოქტომბერი, 1971, იქვე) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, ნახევარმცველი. იცავდა თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1969), ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

35-ე საფეხბურთო სკოლის აღზრდილი. 1953 წელს ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშე თბილისის „დინამოს“ ვეტერანმა ფეხბურთელმა არჩილ კიკნაძემ შეამჩნია და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში შეიყვანა. შოთას კაპიტნის სამკლაური გადასცეს და იმავე წელს საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და მისმა გუნდმა ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის გამართულ საკავშირო ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავეს.

ამის შემდეგ მის მიმართ ინტერესი ფეხბურთის სპეციალისტების მხრიდან კიდევ უფრო გაიზარდა და უკვე მომდევნო, 1954 წელს ბორის პაიჭაძემ, რომელიც იმ დროს თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა, შოთა იამანიძე „დინამოში“ მიიწვია.[კომ. 1]

თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ფარგლებში პირველად 1954 წლის 14 აგვისტოს, საკავშირო პირველობის მე-15 ტურის კალენდარულ მატჩში, კიევის „დინამოს“ წინააღმდეგ გამოვიდა მინდორზე. შეხვედრა თბილისში, „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა და მას 25 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. თბილისელებმა ასეთი შემადგენლობით თამაშეს: ვლადიმერ მარღანია, ვლადიმერ ელოშვილი, ნიკოლოზ გოგლიძე (ჯუმბერ რუსაძე 65'), ნიკოლოზ ცაგარეიშვილი, რევაზ მახარაძე, გიორგი ანთაძე, ალექსანდრე კოტრიკაძე, კარლო გაგნიძე, ბორის ხასაია, ავთანდილ ღოღობერიძე და შოთა იამანიძე. მატჩი ფრედ, ანგარიშით — 0–0 დამთავრდა.[1]

აღსანიშნავია, რომ იამანიძის „დინამოში“ მოსვლა ქართულ ფეხბურთში არსებულ კრიზისს დაემთხვა, რაც ძირითადად თაობათა ცვლით იყო გამოწვეული. ამას დაემატა „დინამოს“ უფროსი მწვრთნელების ყოველწლიური ცვლა ხუთი საფეხბურთო სეზონის განმავლობაში (1954–1958), რა დროსაც გუნდმა ხუთი მწვრთნელი გამოიცვალა: ბორის პაიჭაძე, ანდრო ჟორდანია, გაიოზ ჯეჯელავა, გრიგოლ გაგუა და ვასილი სოკოლოვი. მათგან მხოლოდ გაიოზ ჯეჯელავას მოუწია ორი სეზონის განმავლობაში (1956–57) გუნდთან მუშაობა. დროის იმ ხუთწლიან მონაკვეთში გუნდმა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ორჯერ მე-9 ადგილი (1955, 1958), ორჯერ მე-8 (1954, 1956) და ერთხელ მე-7 ადგილი დაიკავა (1957). ამ ხუთწლიანი ჩავარდნის შემდეგ, მხოლოდ 1959 წელს შეძლო „დინამომ“ უძლიერესთა რიგებში დაბრუნება, როდესაც გუნდს გამოჩენილი ქართველი მწვრთნელი ანდრო ჟორდანია დაუბრუნდა.

მეტად მნიშვნელოვანი გამოდგა ზაურ კალოევის მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ „დინამოში“ დაბრუნება. ამასთან, ანდრო ჟორდანიამ გუნდში არაერთი დროული ცვლილება განახორციელა, როგორც ფეხბურთელთა სათამაშო პოზიციების შერჩევისა და გადანაწილების, ისე გუნდში არსებული ატმოსფეროს გაჯანსაღებისა და საბრძოლო სულისკვეთების ამაღლების თვალსაზრისით. შოთა იამანიძემაც, თავის მხრივ ბრწყინვალედ ითამაშა მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე. იმ წელს „დინამომ“ აღმავლობით ჩაატარა რიგი მატჩებისა და სატურნირო თვალსაზრისით პრინციპული გასვლითი შეხვედრები მოუგო თავისთვის ისეთ უხერხულ მეტოქეებს, როგორებიც იყვნენ — დონეცკის „შახტარი“,[2] მოსკოვის ცსკა,[3] მოსკოვის „დინამო“,[4] მოსკოვის „სპარტაკი“[5] და კუიბიშევის „კრილია სოვეტოვი“.[6] საბოლოოდ, სეზონის ბოლოს თბილისელმა ფეხბურთელებმა საკავშირო პირველობა მესამე ადგილზე დაასრულეს და გუნდის ისტორიაში მეხუთედ მოიპოვეს ბრინჯაოს მედლები. შოთა იამანიძისთვის ეს იყო პირველი ბრინჯაო და პირველი წარმატება საფეხბურთო კარიერაში.

მომდევნო წლებში მისი საფეხბურთო კლასი იმდენად თვალსაჩინო გახდა, რომ ნებისმიერი მეტოქე გუნდისთვის იამანიძის მოედანზე ყოფნა უკვე სერიოზულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. მისი საფეხბურთო არსენალიდან ფეხბურთის სპეციალისტები გამოარჩევდნენ პოზიციის შერჩევის უნარს, უსწრაფეს დრიბლინგს, ფილიგრანულ პასებს და უზუსტეს დარტყმებს ორივე ფეხით.[7] ერთი მხრივ მაღალი ტექნიკური მონაცემებისა და ფიზიკური გამძლეობის, ხოლო მეორე მხრივ მოედნის შესანიშნავი ხედვის, ორგანიზატორული თვისებებისა და პარტნიორებთან სანიმუშო შეთამაშების წყალობით, თანაბრად ძლიერად მოქმედებდა მოედნის ყველა მონაკვეთზე და დიდი მოცულობის სამუშაოს ასრულებდა სათამაშო რგოლებს შორის ეფექტიანი ურთიერთქმედების თვალსაზრისით. საბოლოოდ, 1963–64 წლებისთვის, იგი უკვე დიდი დიაპაზონის უნივერსალურ ფეხბურთელად და გუნდის ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდა, რის გამოც დამსახურებული და გამორჩეული ავტორიტეტით სარგებლობდა თანაგუნდელთა და გულშემატკივართა შორის.[კომ. 2]

შოთა იამანიძე თანაგუნდელებიდან, განსაკუთრებით კარგად მიხეილ მესხთან და ზაურ კალოევთან იყო შეთამაშებული,[8] რაც დინამოელთა თამაშის ხარისხსა და შედეგზეც აისახებოდა. 1961 წლის საფეხბურთო სეზონიდან 1966 წლის ჩათვლით, იგი გუნდის კაპიტანი იყო. შოთა იამანიძის კაპიტნობის პერიოდში გუნდს მოუხდა ე.წ. „დუბლ-ვეს“ კლასიკური სისტემიდან ბრაზილიურ სისტემაზე (1–4–2–4) გადასვლა, რასაც უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია. პირველ რიგში ამას მოყვა მანამდე შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ძლიერად მოთამაშე ჯემალ ზეინკლიშვილის მეოთხე მცველად გადანაცვლება,[9] ხოლო მისი ადგილი შოთა იამანიძემ დაიკავა და ჯერ ავთანდილ ღოღობერიძესთან, შემდეგ კი გიორგი სიჭინავასთან წყვილში ერთ-ერთ უძლიერეს რგოლად მოევლინა იმდროინდელ საბჭოთა ფეხბურთს.[10]

1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩის“ მონაწილე და გუნდის კაპიტანი.[11] თბილისის „დინამომ“ ტაშკენტში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონის გამოსავლენად დანიშნულ გადათამაშებაში მოსკოვის „ტორპედოს“ 4–1 სძლია და თავის ისტორიაში პირველად მოიგო საკავშირო პირველობა. ქართველთაგან გოლები ილია დათუნაშვილმა (დუბლი), მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა გაიტანეს.[12] პირველი საკავშირო ოქრო „დინამომ“ ასეთი შემადგენლობით მოიპოვა: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე, ილია დათუნაშვილი, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, მიხეილ მესხი.[კომ. 3][13][კომ. 4][14]

თბილისის „დინამოს“ მაისურით ბოლოჯერ 1967 წლის 11 ნოემბერს, საკავშირო ჩემპიონატის 38-ე ტურის კალენდარულ მატჩში, ლუგანსკის „ზარიას“ წინააღმდეგ ითამაშა. შეხვედრა ამჯერადაც თბილისში, „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა და მას 40 ათასამდე ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. მასპინძლებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ფირუზ კანთელაძე, მურთაზ ხურცილავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, გურამ პეტრიაშვილი, სერგო კუტივაძე, სლავა მეტრეველი, გიორგი გავაშელი, შოთა იამანიძე და მიხეილ მესხი. მატჩი ფრედ, ანგარიშით — 3–3 დამთავრდა.[15] ეს იყო იამანიძის მესამასე და ბოლო მატჩი, რომელიც მან გუნდის კაპიტნის რანგში მაღალ დონეზე ჩაატარა და თავისი ბოლო და სანახაობრივად გამორჩეული გოლიც შეაგდო.[16]

კარიერის განმავლობაში სამჯერ შევიდა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში. იყო თბილისის „დინამოს“ 1960-იანი წლების პირველი ნახევრის შეუცვლელი მოთამაშე და საკვანძო ფიგურა. როგორც გუნდის კაპიტანმა, უდიდესი წვლილი შეიტანა მესამე თაობის დინამოელთა „ოქროს გუნდის“ ფირმირებასა და მის ისტორიულ წარმატებაში. თანაგუნდელებს, გულშემატკივრებსა და ფეხბურთის მოყვარულებს თავი დაამახსოვრა, როგორც საუკეთესო პიროვნული თვისებების მქონე დიდმა სპორტსმენმა. დაიღუპა ავტოკატასტროფაში 34 წლის ასაკში, 1971 წლის 15 ოქტომბერს.[17]

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1959 წლის 13 სექტემბერს სსრ კავშირის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა ერთი მატჩი ბულგარელების წინააღმდეგ. შეხვედრა სოფიაში, „ვასილი ლევსკის“ სტადიონზე გაიმართა და მას 45 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 1–0 დასრულდა.[18]

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შოთა იამანიძე

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • 1st ჩემპიონი: 1964
  • 3rd ბრინჯაოს პრიზიორი: 1959, 1962, 1967

1967

საბჭოთა კავშირის თასი

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ ნაკრები
სსრ კავშირის სპარტაკიადა
  • 2nd ვიცე-ჩემპიონი: 1956

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

33 საუკეთესო
  • №1: 1964
  • №3: 1961, 1962

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შოთა იამანიძე იყო პირველი კაპიტანი თბილისის „დინამოს“ ისტორიაში, რომელმაც ფეხბურთში საბჭოთა კავშირის ჩემპიონის თასი აღმართა.

1968 წელს თბილისის „დინამოს“ სტადიონის რადიორედაქციამ გამოაცხადა კონკურსი-კითხვარი, რომელსაც უნდა გამოევლინა საქართველოს ფეხბურთელთა სიმბოლური ნაკრები 1921 წლიდან 1968 წლამდე. რადიორედაქციამ მიიღო 780 საკონსკურსო წერილი. მიღებული წერილების საფუძველზე შოთა იამანიძე 550 ხმით აღნიშნული სიმბოლური ნაკრების შემადგენლობაში მოხვდა. გამოკითხვის შედეგად, საქართველოს 1921–1968 წლების სიმბოლურ ნაკრებში შევიდნენ: მეკარე: ვლადიმერ მარღანია; მცველები: ვლადიმერ ელოშვილი, ნიაზ ძიაპშიპა, მურთაზ ხურცილავა, გივი ჩოხელი; ნახევარმცველები: გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე; თავდამსხმელები: სლავა მეტრეველი, ბორის პაიჭაძე, ავთანდილ ღოღობერიძე, მიხეილ მესხი.[22][23]

1976 წელს ქუთაისში ქართული ფილმების პირველი ფესტივალი გაიმართა, სადაც დოკუმენტური ფილმისთვის განკუთვნილი მთავარი პრიზი, საქართველოს სპორტკომიტეტის სპეციალურ ჯილდოსთან ერთად, წილად ხვდა რეჟისორ ოთარ გურგენიძის შოთა იამანიძისადმი მიძღვნილ ფილმს — „მშვიდობით, კაპიტანო“.[24]

2001 წლის იანვარში ქართულმა „სახალხო გაზეთმა“ გამოაქვეყნა ქვეყნის XX საუკუნის რჩეული ფეხბურთელებისა და მწვრთნელების საკუთარი ვერსია. საუკუნის გუნდი ასე გამოიყურება: სერგო კოტრიკაძე, რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა, ალექსანდრე ჩივაძე, გივი ჩოხელი, შოთა იამანიძე, დავით ყიფიანი, ვიტალი დარასელია, ბორის პაიჭაძე, სლავა მეტრეველი, მიხეილ მესხი.[25]

1986, 1997[26] და 2008[27] წლებში ჟურნალისტმა დემიკო ლოლაძემ შოთა იამანიძისადმი მიძღვნილი წიგნები გამოსცა.[28]

თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მდებარე ერთ-ერთი ქუჩა შოთა იამანიძის სახელობისაა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ოფისი 1990–2000 წლებში ამ ქუჩაზე, № 5 შენობაში იყო განთავსებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თემატური საიტები
allfutbolist.ru · dinamo-tbilisi.ru · FootballFacts.ru · Rusteam.Permian.ru
ლექსიკონები და ენციკლოპედიები
საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი · უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი · ქართველი სპორტსმენები
გენეალოგია და ნეკროპოლისტიკა
Спортивный некрополь
მედია
1tv.ge · Lelo.ge · old.tbiliselebi.ge
ფოტო
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“
ვიდეო
„ოქროს ბიჭები“ · ქართული ფეხბურთის ლეგენდა შოთა იამანიძე — 80

კომენტარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. შოთა იამანიძე თბილისის „დინამოში“ 1954 წლის საფეხბურთო სეზონში ჩაირიცხა. ეს პერიოდი დაემთხვა გუნდიდან ისეთი ცნობილი ფეხბურთელების წასვლას, როგორებიც იყვნენ: იბრაგიმ სარჯველაძე, ნიკოლოზ თოდრია, მიხეილ ჯოჯუა, გიორგი ანთაძე და სხვ.
  2. ის იყო ფართო დიაპაზონის ფეხბურთელი. სხვადასხვა დროს თამაშობდა მარცხენა გარემარბად, ცენტრფორვარდად, მარცხენა შუამარბად, ნახევარმცველად. შესანიშნავ კომბინაციურ თვისებებთან და კარში უნაკლო დარტყმებთან შეხამებული მაღალი ტექნიკის მეოხებით გუნდისთვის ერთნაირად სასარგებლო და მეტოქისათვის ერთობ საშიში იყო ნებისმიერ მოედანზე. იხ. მერაბ კალანდაძე, დაუვიწყარი კაპიტანი: შოთა იამანიძე—75
  3. მათ გარდა ჩემპიონობისათვის განკუთვნილი ოქროს მედლები გურამ პეტრიაშვილსა და ალექსანდრე აფშევს გადაეცათ. იმ ჩემპიონატის მატჩებში მეკარე ნოდარ ლეჟავამ (10 მატჩი), მურთაზ ხურცილავამ (8), ელგუჯა ხუციშვილმა (5), ზაურ კალოევმა (1) და ნომადი მაისურაძემ (1) იასპარეზეს. გუნდს ფეხბურთის ცნობილი რუსი სპეციალისტი გავრილ კაჩალინი წვრთნიდა.
  4. 1964 წლის 18 ნოემბერს თბილისის „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი პირველად გახდა. თბილისის „დინამომ“ და მოსკოვის „ტორპედომ“ საკავშირო პირველობაზე 46–46 ქულა დააგროვეს, ჩემპიონის გამოსავლენად დამატებითი შეხვედრა დაინიშნა, რომელიც ტაშკენტში, 1964 წლის 18 ნოემბერს ჩატარდა. „ოქროს მატჩში“ თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდნენ: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე (კაპ), სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი და მიხეილ მესხი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. «Динамо» Тб. 0–0 «Динамо» Киев / Чемпионат СССР 1954
  2. «Шахтёр» Сталино 0–1 «Динамо» Тб. / Чемпионат СССР 1959
  3. ЦСК МО Москва 0–2 «Динамо» Тб. / Чемпионат СССР 1959
  4. «Динамо» Москва 1–2 «Динамо» Тб. / Чемпионат СССР 1959
  5. «Спартак» Москва 4–5 «Динамо» Тб. / Чемпионат СССР 1959
  6. «Крылья Советов» Куйбышев 1–2 «Динамо» Тб. / Ч. СССР 1959
  7. შოთა იამანიძე — უკეთილშობილესი პიროვნება და დიდი სპორტსმენი
  8. ქართული ფეხბურთის ლეგენდა შოთა იამანიძე — 80
  9. ჯემალ ზეინკლიშვილი: „ყველა ჩიტის ენა ვიცი“ // „ლელო“.
  10. დემურ ტორაძე, შოთა იამანიძე — 65 // „ლელო“, 25.01.2002
  11. ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში — 18 ნოემბერი
  12. "Динамо" (Тбилиси) 4–1 "Торпедо" (Москва)
  13. გამორჩეული დღე ქართული ფეხბურთის ისტორიაში
  14. ქართული ფეხბურთის დიდი გამარჯვების დღე
  15. «Динамо» Тб. 3–3 «Заря» Луганск / Чемп. СССР 1967
  16. «Советский Спорт», 21.11.1967. Бронза тбилисской чеканки
  17. ქართული სპორტის ლიდერები: შოთა იამანიძე
  18. Болгария 1–0 СССР / София, Стадион имени В. Левского
  19. Torpedo Moskva 4–3 Dinamo Tbilisi // Soviet Union Cup 1959/60.
  20. Торпедо (Москва) 4–3 Динамо (Тб.) / Кубок СССР 1959–60
  21. Торпедо (Москва) 4–3 Динамо (Тб.) / Финал Кубка СССР 1960
  22. პაიჭაძე და ძმანი მისნი // „ლელო“, 16.05.1968, № 95, გვ. 2–3.
  23. 1921–1968: საქართველოს ნაკრები // mygoals.ge
  24. შოთა იამანიძეზე გადაღებული ფილმი
  25. „სახალხო გაზეთის“ ვერსიით // „ლელო“, 09.01.2001.
  26. 18.03.1997 // „საქართველოს რესპუბლიკა“, № 62 (2435), გვ. 5.
  27. 21.01.2009 // „საქართველოს რესპუბლიკა“, № 10 (6111), გვ. 12.
  28. 21.01.2009 // „საქართველოს რესპუბლიკა“, № 10 (6111), გვ. 12.