დათიკო მაჭავარიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დავით (დათიკო) მაჭავარიანი (დ. 1 მაისი, 1892, თბილისი — გ. 23 ივნისი, 1932) — ქართველი სამხედრო პირი, რუსეთის იმპერიის არმიის არტილერიის კაპიტანი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის არტილერიის კაპიტანი, პოლონეთის არმიის მაიორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დათიკო მაჭავარიანის ოჯახი წარმოშობით გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენიდან იყო, თავად 1892 წლის 1 მაისს დაიბადა თბილისში.

მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. 1915 წლის 3 მაისს გაზეთ "სახალხო ფურცლის" სურათებიან დამატებაში დაიბეჭდა მისი ფოტო წარწერით: "პოდპორ. დავით მაჭავარიანი (დაჭრილია)". პირველი მსოფლიო ომის ბოლოს მინიჭებული ჰქონდა რუსეთის იმპერიის არმიის არტილერიის კაპიტნის სამხედრო წოდება.

1919 წელს დავით მაჭავარიანი ელენე სუხიაშვილზე დაქორწინდა და 1920 წლის 6 ნოემბერს ვაჟი – ნოდარი შეეძინათ.

1918 წლიდან დავით მაჭავარიანი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართული ეროვნული არმიის შექმნაში. იმავე წლიდან იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის არტილერიის კაპიტანი. ჯერ კიდევ 1917 წელს იყო არჩეული ქართველ მხედართა კავშირის წევრად.

1918-1921 წლებში დათიკო მაჭავარიანმა მონაწილეობა მიიღო ყველა იმ ბრძოლაში, რომელსაც აწარმოებდა საქართველო თავისი საზღვრებისა და სახელმწიფოებრიობის დასაცავად. 1919-1921 წლებში იყო თბილისის იუნკერთა სკოლის სამწყობრო ნაწილის ნაცვალთა (უნტერ–ოფიცერთა) ათასეულის პირველი ასეულის უფროსი (ამის შესახებ თავის მოგონებებში "სამხედრო სკოლა" მიუთითებს სკოლის ყოფილი უფროსი, შემდგომში პოლონეთის არმიის გენერალი ალექსანდრე ჩხეიძე).

1921 წელს დავით მაჭავარიანი იუნკერთა სკოლის ნაცვალთა ასეულს მეთაურობდა ტაბახმელასთან წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში მიმავალი საქართველოს მთავრობა დათიკო მაჭავარიანმა ბათუმამდე გააცილა, თვითონ გემზე ასვლას არ აპირებდა. გენერალმა გიორგი კვინიტაძემ ეს რომ შეიტყო, გემიდან კატერი გამოუგზავნა: მაჭავარიანი აქ მომგვარეთ, მაგას ხომ პირველივე დღეს დახვრეტენო!

ემიგრაციაში დათიკო მაჭავარიანი პოლონეთში, ქალაქ ვილნოში (ვილნიუსი მაშინ პოლონეთს ეკუთვნოდა) ფრიად გაჭირვებულ მდგომარეობაში ცხოვრობდა. ყველაფრის მიუხედავად, ცოლ-შვილის მოსანახულებლად ძალისხმევას არ იშურებდა და 1927 წელს გორკის ქალიშვილის დახმარებით ისინი მოსკოვში ნახა, თუმცა მათი წაყვანა ვერ მოახერხა.

1920-იანი წლების დამლევამდე დათიკო მაჭავარიანი მსახურობდა პოლონეთის ეროვნული არმიის არტილერიაში. მიენიჭა ჯერ კაპიტნის, შემდეგ მაიორის წოდება. მიღებული ჰქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდო.

1932 წლის 23 ივნისს ბრმანაწლავის ოპერაციის გაკეთებიდან მესამე დღეს დათიკო მაჭავარიანი გარდაიცვალა. ეს ამბავი ოჯახს წერილით აცნობა კონსტანტინე ტუღუშმა. დასაფლავებულია ვილნიუსის ცენტრში სამხედრო სასაფლაოზე, ლიტვის თავისუფლებისათვის დაცემულთა მემორიალის მახლობლად. მისი საფლავის კვარცხლბეკზე დგას შავი გრანიტის ჯვარი პოლონური წარწერით: "დათიკო მაჭავარიანი, დაბადებული თბილისში 1-V-1892 საქართველოს თავისუფლებისათვის ომის მონაწილე კაპიტანი. 23 ივნისი 1932 წ." მოგვიანებით საქართველოს საელჩომ ლიტვაში დათიკო მაჭავარიანის საფლავს ქართული წარწერაც გაუკეთა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კაპიტანი დავით (დათიკო) მაჭავარიანი // ქართველები მსოფლიო ისტორიაში : [12 ტომად]. ტომი 6. - თბ., 2012. - გვ.86.
  • მაჭავარიანი დ., კაპიტანი დავით (დათიკო) მაჭავარიანი : (1892-1932) // ვასილ წერეთლის (1862-1937) დაბადებიდან 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია (თბილისი-ჭიათურა, 2012 წლის 18-20 ოქტომბერი) : პროგრამა და მასალების კრებული. - თბ.; ჭიათურა, 2012. გვ.45-48.
  • პოდპორ. დავით მაჭავარიანი (დაჭრილია) [ფოტო] // სახალხო ფურცელი : სურათებიანი დამატება. - თბილისი, 1915. - N 49 (3 მაისი) . - გვ. 2.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]