ფორმულა ერთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ფორმულა-1)
ფორმულა ერთი

ფორმულა ერთის ლოგოტიპი 2018 წლიდან
კატეგორია რბოლები ერთადგილიან ღიასაბურავიან მანქანებზე
ქვეყანა საერთაშორისო
პირველი სეზონი 1950
მრბოლელები 20
გუნდები 10
ძრავების მწარმოებლები Honda RBPT
Ferrari
Mercedes
Renault
საბურავების მიმწოდებლები Pirelli
ჩემპიონი მრბოლელი ნიდერლანდების დროშა მაქს ვერსტაპენი
(რედ ბულ რეისინგი)
ჩემპიონი კონსტრუქტორი ავსტრიის დროშა რედ ბულ რეისინგი
ოფიციალური საიტი formula1.com
მიმდინარე სეზონი

ფორმულა ერთი (ინგლ. Formula One, არაოფიც. სამეფო ფორმულა, ასევე ცნობილია, როგორც ფორმულა-1 ან F1) — მსოფლიო ჩემპიონატი წრიულ ავტორბოლაში. ავტორბოლის ყველაზე ძვირი და მაღალტექნოლოგიური სახეობა, რომელსაც ავტომობილების საერთაშორისო ფედერაცია (ფია) ატარებს.[1] სახელი ფორმულა გულისხმობს წესების ერთობლიობას, რომლებიც მონაწილე გუნდებმა ბოლიდის პროექტირებისას უნდა დაიცვან.[2]

მსოფლიო ჩემპიონატი ყოველ წელს ტარდება და ცალკეული ეტაპებისგან შედგება, რომლებიც გრან-პრის სახელით არის ცნობილი. ჩემპიონატის გამარჯვებული წლის ბოლოს ვლინდება. ამ ჩემპიონატში ასპარეზობენ როგორც ცალკეული პილოტები, ასევე გუნდებიც. პილოტები ასპარეზობენ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის, ხოლო გუნდები — კონსტრუქტორთა თასისთვის. ყოველ მოასპარეზეს უნდა გააჩნდეს ფია-ს მიერ გაცემული სუპერლიცენზია, ხოლო რბოლები მხოლოდ იმ ტრასებზე იმართება, რომლებიც ფია-ს მიერ პირველ, ანუ უმაღლეს კატეგორიაშია შეყვანილი.

ფორმულა ერთის ბოლიდები უსწრაფესი საგზაო სარბოლო ავტომობილებია, რასაც მათი რთული აეროდინამიკული პროექტირება და დიდი რაოდენობით მიმჭერი ძალა განაპირობებს. მიმჭერ ძალას უმეტესად წინა და უკანა ფრთები ქმნიან, რაც მანქანის უკან ტურბულენტობას ქმნის. იგი უკან მდებარე ბოლიდის მიმჭერ ძალას ამცირებს, და შესაბამისად გასწრებას ართულებს. ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით 2022 წელს ფია-მ ახალი რეგულაციები შემოიღო.[3] ბოლიდები ძლიერ არიან დამოკიდებულნი ელექტრონიკაზე, აეროდინამიკაზე, საკიდარზე და საბურავებზე. 80-წლების მიწურულიდან გუნდებმა ასევე დაიწყეს სხვადასხვა დამხმარე სისტემების გამოყენება, როგორიც იყვნენ წევის კონტროლის სისტემა, ლაუნჩ-კონტროლი, ავტომატური გადაცემათა კოლოფი და ა.შ, თუმცა ფია-მ ისინი 1994 წელს აკრძალა. 2001 წელს გუნდებს კვლავ ნება მიეცათ, გამოეყენებინათ დამხმარე სისტემები, თუმცა მას შემდეგ იგი ჯერ 2004, ხოლო შემდეგ 2008 წელს აკრძალეს. მათი გამოყენება დღემდე არ არის ნებადართული.[4]

ფორმულა ერთის გუნდის მართვა — ბოლიდის პროექტირება, აწყობა, მოვლა და ტრანსპორტირება წელიწადში საშუალოდ 265,000,000 ამერიკულ დოლარად ჯდება.[5] Formula One Group-ს ამჟამად Liberty Media ფლობს, რომელმაც კომპანია 2017 წელს 8 მილიარდ ამერიკულ დოლარად იყიდა.[6][7]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯუზეპე ფარინა (მანქანა №2) ფორმულა ერთის პირველ მსოფლიო ჩემპიონად იქცა.

ფორმულა ერთის წინამორბედად ევროპის სარბოლო ჩემპიონატი ითვლება, რომელიც 1920-1930 წლებში იმართებოდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა ახალი რეგულაციები, ე.წ ფორმულა, რომელმაც შემდგომში სპორტსაც დაუდო სათავე. ახალი რეგლამენტის მიხედვით აწყობილი ბოლიდები პირველად 1946 წლის ტურინის გრან-პრიზე გამოჩნდნენ, თუმცა ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატი მხოლოდ 1950 წელს ჩამოყალიბდა.

ახალი ჩემპიონატის პირველი ეტაპი 1950 წლის 13 მაისს, სილვერსტოუნის წრეზე გაიმართა.[8] ფორმულა ერთის პირველ ჩემპიონად იტალიელი ჯუზეპე ფარინა იქცა, რომელიც ალფა რომეოსთვის ასპარეზობდა. მისმა თანაგუნდელმა, არგენტინელმა ხუან მანუელ ფანხიომ, თავისი პირველი ტიტული მომდევნო წელს მოიპოვა, და შემდეგ 1954, 1955, 1956 და 1957 წლებშიც მოიგო ჩემპიონატი,[9] რითაც რეკორდი დაამყარა, რომელმაც 46 წელს გაძლო და მხოლოდ 2003 წელს მოიხსნა, მას შემდეგ, რაც მიხაელ შუმახერმა თავისი მეექვსე ტიტული მოიგო.[10]

ფორმულა ერთის ჩემპიონატის გრან-პრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრან-პრიში მონაწილეობის მისაღებად, პილოტს უნდა გააჩნდეს საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის სუპერლიცენზია. ფორმულა ერთის გრან-პრი რამდენიმე სესიისგან შედგება.

თავისუფალი პრაქტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პრაქტიკები 3 ნაწილადაა დაყოფილი. სამივე პრაქტიკა ერთი საათის განმავლობაში გრძელდება. უმეტეს შემთხვევაში პირველი ორი სესია პარასკევს, ხოლო მესამე შაბათსაა, თუმცა მონაკოს გრან-პრიზე, პირველი ორი სესია ხუთშაბათს, ხოლო შაბათს მესამე სესია ტარდება.
  • რბოლაში მონაწილეობის მისაღებად, პილოტი ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს პრაქტიკის რომელიმე სესიაში.

კვალიფიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წლიდან ფორმულა ერთში კვალიფიკაციის ახალი განლაგება შემოიტანეს: პირველი სეგმენტი 18 წუთს გრძელდება, მეორე სეგმენტი - 16-ს, ხოლო მესამე მხოლოდ 12 წუთს.

  1. პირველ სესიაში (Q1) მონაწილეობას ყველა პილოტი იღებს. ისინი ტაბულაზე მათ მიერ განვლილ დროს აქვეყნებენ, სესიის ბოლოს პილოტები, რომლებმაც მე-15 პოზიციაზე დაბალი დაიკავეს, სესიას ტოვებენ, და სხვა სესიებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ.
  2. მეორე სესიაში (Q2) მონაწილეობას დარჩენილი 15 პილოტი იღებს. მათგან ბოლო 5 ვარდება და მესამე სესიაში არ იღებს მონაწილეობას.
  3. მესამე სესიაში (Q3) მონაწილეობას დარჩენილი 10 პილოტი იღებს. სესიის შემდეგ მათი რეზულტატებიდან გამომდინარე, რბოლას ისინი გარკვეული პოზიციიდან იწყებენ.

რბოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რბოლა კვირას ტარდება, თუმცა მის უშუალოდ დაწყებამდე პილოტები 1 წრეს არტყამენ, რომლის დროს პოზიციის შეცვლის უფლება არ აქვთ. რბოლის წრეების რაოდენობა ტრასის სიგრძიდან გამომდინარე ითვლება. ფინალურ პროტოკოლში მოსახვედრად, პილოტი ვალდებულია გაიაროს მოცემული დისტანციის მინიმუმ 90%.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. About FIA. Fédération Internationale de l'Automobile (FIA) (24 February 2015). ციტირების თარიღი: 13 April 2020
  2. Williamson, Martin. A brief history of Formula One. ESPN. ციტირების თარიღი: 23 December 2020
  3. 10 things you need to know about the all-new 2022 F1 car en. ციტირების თარიღი: 21 April 2022
  4. „F1 bans traction control for 2008“. BBC Sport. BBC Sport. 30 March 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 January 2020. ციტირების თარიღი: 3 January 2020.
  5. Sylt, Christian (20 April 2020). „Formula One budget cuts are expected to crash 1,600 jobs“. Daily Telegraph (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 June 2022. ციტირების თარიღი: 14 June 2022.
  6. „Bernie Ecclestone removed as Liberty Media completes $8bn takeover“. BBC Sport. 23 January 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 February 2020. ციტირების თარიღი: 23 January 2017. ციტატა: „Bernie Ecclestone has been removed from his position running Formula 1 as US giant Liberty Media completed its $8bn (£6.4bn) takeover of the sport.“
  7. Liberty Media Corporation Completes Acquisition of Formula 1. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 დეკემბერი 2019. ციტირების თარიღი: 7 December 2018
  8. Facts you may not know about Silverstone Circuit and its place on the F1 calendar (27 May 2021). ციტირების თარიღი: 18 May 2023
  9. Michael Schumacher surclasse ses rivaux et dépasse Juan Manuel Fangio (13 October 2003). ციტირების თარიღი: 18 May 2023
  10. Michael Schumacher surclasse ses rivaux et dépasse Juan Manuel Fangio (13 October 2003). ციტირების თარიღი: 18 May 2023